საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის 60 %-ს გადააჭარბებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა საგარეო ვალს ზრდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს. ახალი ვალების მობილიზებით კი საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, ხოლო 60%-ს ვალის დონე 2023 წლისთვის ჩამოსცდება.
“2021 დეფიციტი, რომელიც მშპ-ის 7.6 პროცენტზეა გათვლილი, ითვალისწინებს ჯანდაცვის მაღალ ხარჯებსა და შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს, რაც მომატებული გაურკვევლობის ფონზე ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღების გამტკიცებას. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს „ფისკალურ წესში“, რომლის მიხედვითაც 2023 წლისთვის ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60 პროცენტს უნდა შეადგენდეს”, – აღნიშნულია IMF-ის განცხადებაში.