ლევან დავითაშვილი: იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ

“იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ციტრუსის მოსავლის აღებისა და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა. წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს; აქედან 50% ექსპორტზე გავა.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; შესაბამისად, განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა, ძირითადი ციტრუსის რთველი იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. კოორდინირებულად მოხდება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, 2020 წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა, ხარისხი გაზრდილია. მინისტრის განცხადებით, წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით სუბსიდირებაარის გათვალისწინებული. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები