რუსეთმა ადგილობრივი დროის 06:00 საათიდან მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში “სამშვიდობო კონტინგენტის” განთავსება დაიწყო, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერმინისტრის მიერ 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად განხორციელდება.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით:
20 ნოემბერს აზერბაიჯანს აგადამის რაიონი უნდა დაუბრუნდეს; მთიანი-ყარაბაღის შეხების წერტილში, ასევე, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, განლაგდება რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”, რომლის შემადგენლობაში იქნება 1960 სამხედრომოსამსახურე, 90 ჯავშანმანქანა, 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა; სამშვიდობო კონტინგენტის პარალელურად, უნდა მოხდეს სომხეთის ჯარის გაყვანა. კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადად 5 წელი განისაზღვრა, 5-წლიანი გახანგრძლივების დათქმით.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი 15 ნოემბრამდე უბრუნებს აზერბაიჯანს ქელბაჯარის რაიონს, 1-ელ დეკემბრამდე კი, ლაჩინის რაიონს და დაიტოვებს 5-კილომეტრიან ლაჩინის დერეფანს, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის კავშირს მოემსახურება, თუმცა, ქალაქ შუშას არ შეეხება.
უახლოეს სამი წლის განმავლობაში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფნის გავლით გადაადგილების შესახებ, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთთან კავშირს მოემსახურება. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომლებიც ლაჩინის დერეფნით ისარგებლებენ.
დევნილები ბრუნდებიან მთიან ყარაბაღში და მის მიმდებარე რაიონებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს კონტროლს ქვეშ.
მოხდება ტყვეების გაცვლა და ცხედრების გადაცემა.