არასამთავრობოები სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში ჩარევას არაკანონიერად მიიჩნევენ

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად გია ბარამიძემ საზოგადოებას ,,პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა. ,,კვირა“ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუკავშირდა და ოპოზიციის შეთავაზებაზე საკუთარი აზრის გამოხატვა სთხოვა:

გიორგი გუნავა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

-მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აბსოლუტურად წარმოუდგენლია იურიდიული თვალსაზრისით. ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულია მთელი რიგი მუხლებით და საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა ჩაჯდეს ციხეში. თუ სააკაშვილთან, როგორც უცხოეთის მოქალაქესთან, გვსურს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, ესეც გამორიცხულია, რადგან მას, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, საკუთარი პარტიის შიდაპარტიულ საქმეებში ჩარევის უფლებაც კი არ აქვს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი დაჯდეს საქართველოს ხელისუფლებასთან სასაუბროდ, კეთილი სურვილების დონეზეც კი ვერ ჯდება იურიდიულ კონტექსტში.

ია მეტრეველი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დავასრულოთ“

-კრიმინალი სააკაშვილი საკუთარ მკვლელ თანაგუნდელებთან ერთად იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვს. 16 წელია, ამ კრიმინალურმა საზოგადოებამ, რომელსაც, რატომღაც, პარტია ჰქვია, ჯვარს აცვა ქვეყანა. ადამიანი, რომელიც, წესით, ციხეში უნდა იჯდეს, ახლა უკრაინიდან გვასწავლის ჭკუას. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ ახლა მას უკრაინაშიც აღრ დაედგომება და საქართველოში ლეგალური დაბრუნებისთვის იღწვის. ყველა პოლიტიკური სცენარი: არეულობის მცდელობა, გაყალბებები, ვითომ ,,საყოველთაო დაუმორჩილებლობა“ მისი კარნახით ხორციელდება და ეს ახალი ამბავი არ არის – სურს, ქართველ ხალს უკარნახოს, რა გააკეთოს და როგორ იცხოვროს. დღეს ბარამიძისნაირი დამნაშავეები გვამუნათებენ და გვეუბნებიან, რომ პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილისა და დიქტატორ ივანიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გამოგვიყვანს. რა უფლებით უნდა დაჯდეს სააკაშვილი ივანიშვილთან და რაზე ისაუბრონ? ჩვენს, როგორც ამომრჩეველთა ინტერესებს, რომლებმაც ხმა მივეცით ,,ქართულ ოცნებას“, არავინ ითვალისწინებს? ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით ხელისუფლების ქმედებებს და მერე  ქართველი ამომრჩევლის სახელით შევიკრიბებით ქუჩაში. დაგვთვალოს სააკაშვილმა, ვინ მეტია და რა სცენარით დაიპყრობს ხელმეორედ ამოდენა ხალხს? ქართველი ერის სახელით არავინ გაბედოს საუბარი, რადგან ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა! მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროზე მიიღოს ზომები, დასასჯელი დასაჯოს, დასაჭერი დაიჭიროს და მოგვცეს მშვიდი და ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საშუალება.

არჩილ კაიკაციშვილი – ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია

-31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებმა. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, იმ 9 პარტიიდან, რომელიც 1%-იანი ბარიერის პირობებში დღეს საქართველოს პარლამენტში მოხვდა, ბევრს გაუჭირდება კვლავ საპარლამენტო მანდატის მოპოვება. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ გამოცხადდნენ, ამჯერად, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ის არ იქნება ოპოზიციურ პარტიათა ყულაბაში ჩაყრილი ხმები. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამხელა პროცენტით პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიცია უარს ამბობდეს საპარლამენტო ტრიბუნაზე და პოლიტიკურ კრიზისს ქმნიდეს სრულიად უმიზეზოდ და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის საზიანოდ. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ეს იურიდიულად სრულიად წარმოუდგენელია. უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში სამართლებრივად ვერ ჩაერევა. თუ პოლიტიკური კონტექსტით ვისაუბრებთ, როგორც ყველაზე მეტი პროცენტის მიმღები ოპოზიციური პარტიის ლიდერზე, შესაძლოა, ვისაუბროთ, რომ თეორიულად სააკაშვილის ჩართვა დიალოგში შეიძლება, დავუშვათ. თუმცა, დიალოგში ისეთი ადამიანები უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომლებთან მოლაპარაკებაც შესაძლებელია და არა – რადიკალებთან, რომელთა მიზანი მხოლოდ ხელისუფლების გადაბარების მცდელობაა და სხვა არაფერი. ამიტომ, მისი მონაწილეობა ამ პროცესში ნაკლები შედეგის მომტანი და არაეფექტური იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის. თუ ასეთი დიალოგი შედგება, საპარლამენტო პარტიებსა და ხელისუფლებას დიალოგის განმახორციელებლად საკუთარი გონიერი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ, ამასთანავე, მასში ჩართონ უცხოელი დამკვირვებლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი.

-აპირებთ თუ არა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადების გაკეთებას პოლიტიკური დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე?

-სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. ყველა მათგანი დღეისათვის გაერთიანებულია რომელიმე კონკრეტული გრანტის ან პოლიტიკური პარტიის ირგვლივ. თითქმის ყველა მათგანი აფილირებულია პოლიტიკურ სუბიექტებთან. ამიტომ, არასამთავრობოთა ერთობლივი განცხადების გაკეთება, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია. რაც შეეხება ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის განცხადებას, ჩვენ ვაღიარეთ საქართველოში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობა, ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ქართველი ამომრჩევლის ნებას. რასაკვირველია, მცირე ხარვეზების გარეშე არჩევები ვერ ტარდება მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალში ცესკო-მ უნდა გაითვალისინოს და გამოასწოროს.

ხათუნა გრიგალაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები სამართლიანობისთვის“.

-ვუსმინე გია ბარამიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ამბობდა: პრეზიდენტი სააკაშვილი დიქტატორ ივანიშვილს უნდა დაელაპარაკოსო. მართალია, მათ განცხადებებს დღეს საქართველოში სერიოზულად აღარავინ აღიქვამს, მაგრამ კრიმინალ ბარამიძეს მაინც შევეკითხებოდი: სერიოზულად აღიქვამს სააკაშვილს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად და აღქმის პრობლემები აქვს თუ სხვა რამეშია საქმე? ვინმესთვის დასამალია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა აქვს და ის ვერაფრით მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, თუნდაც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ,,დიქტატორ“ ივანიშვილთან ერთად? შედით ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე და დაინტერესდით, ვინ არის ენმ-ის თავმჯდომარე? აღმოჩნდება, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, თავმჯდომარეც არ ჰყავს. რა სტატუსით აპირებს მოლაპარაკებების პროცესში სააკაშვილი მონაწილეობას? ისევ ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს? ვინც ამას გვიმტკიცებს, გვითხრას, რომელი საკანონმდებლო ნორმით აპირებს ამის გაკეთებას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექსპრეზიდენტი?

ნანა კაკაბაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოს განვითარებისთვის“

-ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ კრიმინალები ქმნიან პოლიტიკური დღის წესრიგს. სანამ ეს მოცემულობა არ შეიცვლბა, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვა. არ მჯერა, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში 27% მოიპოვა და ამდენი მომხრე ჰყავთ. გავხსნათ უბნები და გადავთვალოთ ხმები. ოპოზიციას საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული ჰყავთ იმ დონის დამნაშავეებითა და გამყალბებლებით, რომლებთან ახლოსაც ვერ მივა ვერცერთი საარჩევნო სპეციალისტი. უბნების გახსნა და ხმების გადათვლა უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ.

-ამორჩევლის სახელით ,,სამოქალაქო საზოგადოებამ“, არასამთავრობოებმა უნდა ისაუბრონ. აპირებს მესამე სექტორი გაერთიანებასა და ერთობლივი განცხადების შემუშავებას?

-2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოება უბრალოდ გააქრო, შეიწოვა და ააორთქლა ან საკუთარ პარტიულ უჯრედად აქცია. დარჩნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებსაც საერთო აღარაფერი დარჩათ საზოგადოებასთან. ამიტომაც, აუცილებლად მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის სანდო პირებისგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც ექნება ნდობის დიდი ხარისხი და მოვითხოვოთ საარჩევნო ხმების ხელახალი გადათვლა. ეს იქნება ჩიხიდან გამოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები