ირაკლი კობახიძე: შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს მეთაურობს კრიმინალი ნიკანორ მელია, შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე.

ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

ჩვენ ვაცხადებდით რომ პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში, საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები