ირაკლი კობახიძე: ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, რომლითაც ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომლითაც ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში არ იშლიან.

“პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიდობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ. ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.

ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა დაარჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხისათვის სრულად ნათელის მოფენას.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ “ნაციონალური მოძრაობის” ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც 43 წლის ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე ნაციონალური მოძრაობის სახით. ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა არის ამ პოლიტიკური პარტიის ხელწერა, რომლითაც ის გამოირჩეოდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ვხედავთ, რომ საქმიანობის ამ ფორმებსა და მეთოდებს ისინი არ იშლიან არც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა აქტივისტი, რომელიც შეეცდება ადამიანებზე ზეწოლას და მათ დაშინებას, მიიღებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით”,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას გამართავს. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები