საქართველოს დიდ ქალაქებში, 9 ნოემბრიდან, 22:00-დან – 05:00-მდე ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იკრძალება
9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;
ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;
ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.