პუტინის მთავარი ინტერესი ყარაბაღში მართვადი ქაოსის შენარჩუნებაა 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, კავკასიაში არაერთი გაყინული კონფლიქტი ჩამოყალიბდა. თითოეულს ერთი რამ აერთიანებს – ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ყველგან  რუსეთის კვალი იკვეთება. ოფიციალური მოსკოვისთვის გაყინული კონფლიქტები ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. ყოველდღიურად საქართველოს მაგალითზე  ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს პუტინის იმპერია ოკუპირებული ტერიტორიების საშუალებით ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.

 

ბოლო პერიოდში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი  ახალი ციკლის ათვლაზე გადავიდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე,  განახლებული კონფლიქტი პუტინის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ოფიციალური მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანზე კონტროლის მექანიზმს ინარჩუნებს. არც სომხეთს სურს დამარცხება და არც – აზერბაიჯანს, შესაბამისად, მოსკოვი ორივე მხარეს იქ აჭერს, სადაც ყველაზე მეტად მოწყლვადია.

ყარაბაღში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ფონზე გაჩნდა რისკი, რომ რუსეთი უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში კერძო სამხედრო კონტრაქტორი ფირმების ჩართულობის ტაქტიკას გაიმეორებს. რუს ჟურნალისტთან საუბრისას უკანონო რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ, ბრძანების მიღების შემთხვევაში, დაჯგუფება ყარაბაღისკენ სომხეთის მხარეს საბრძოლველად გაემართება.

რუსეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, როგორც მოლაპარაკებების წევრი, ოფიციალური მოსკოვი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაში უნდა იყოს, თუმცა, პუტინის მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში მართვადი ქაოსის შენარჩუნებაა.  რუსეთს სომხეთის განაწყენება ან დამარცხება არ აწყობს, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზებს დაკარგავს. თუმცა, რუსეთი სომხეთის პრემიერ ფაშინიანს „ფერადი რევოლუციის“ შედეგად აღიქვამს, რაც პუტინისთვის მიუღებელია. თეორიულად, შესაძლებელია, აზერბაიჯანის ბოლომდე დაკარგვის შიშით რუსეთმა სომხეთის მხარე არც იმდენად დაიჭიროს, რომ ეს მხარდაჭერა რომელიმე მხარის გამარჯვების საწინდარი გახდეს.

კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც შესაძლებელია, რუსეთმა ყარაბაღში მიმართოს, „მშვიდობისმყოფელების“ განლაგებაა. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ქართულ სოფლებში სწორედ რუსი „მშვიდობისმყოფელები“ ისროდნენ და შეიარაღებულები იცავდნენ „მშვიდობას“.

რუსეთს შეუძლია, სომხეთის მხარდაჭერის მიზნით კიბერ ინსტრუმენტებიც გამოიყენოს. მაგალითად, დააზიანოს აზერბაიჯანის კრიტიკული, მათ შორის, ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ამ გზით რუსეთი აზერბაიჯანის ენერგეტიკული რესურსების მარაგებს დაემუქრება და ფინანსურ უპირატესობასაც მოიპოვებს გარდა იმისა, რომ კონფლიქტის დინამიკაზე კონტროლს დაამყარებს.

ერთი რამ ცხადია, გაყინული კონფლიქტების დიდოსტატი და ქაოსის შემქმნელი პუტინი აუცილებლად ეცდება, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მისი ერთ-ერთი მიზანია, რუსული ორბიტიდან მეტნაკლებად დაშორებულ აზერბაიჯანს ჭკუა ასწავლოს, სომხეთი კი – შეაჯანჯღაროს. საბოლოოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლის გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩვეულებრივი მოქალაქეების სიცოცხლე ფასს კარგავს, მშვიდობიანი მოსახლეობა პანდემიასთან ერთად ახლა ტყვიებისა და ჯარისგან ცდილობს თავის დაცვას, იღუპებიან ადგილობრივები, მათ შორის,  ბავშვებიც. დიდი რუსეთი კი მინსკის ჯგუფის პირობებში მშვიდობის დაცვის გარანტიების შექმნის ნაცვლად ომის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ლელა ობოლაძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები