შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.
უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.
“გარდა ამისა, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.