ბარდუბანში მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა
5 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ბარდუბნის სკოლას ესტუმრა და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა – მძიმე სენით გარდაცვლილი 23 წლის მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა. მარიამის 12 წლის დას, ლიზის კი გურული დღიურების სტიპენდია დაენიშნა. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„ვიცი, თქვენი ფიქრი, ახლა სხვაგან არის მიმართული და სრულიად სამართლიანადაც – ამიტომაც, ეს ხანია, არ გაწუხებთ პარალელური ამბებით. არც ვაპირებდი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი საქმე გავასრულეთ. გავასრულეთ კი არა, დავიწყეთ – უფრო სწორედ.
ამიტომაც მოგიყვებით.
მარიამ ბარდაველიძე გახსოვთ, 23 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე დღეში იმსხვერპლა ავმა სენმა. დედამისიც გახსოვთ, ქალბატონი აზა, მარიამის დასახმარებლად შეგროვებული ფულის ნაწილის ჩემთვის დარიცხვას რომ აპირებდა – ეს დიდებული და გმირი ქალი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ქმარიც გარდაეცვალა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მარიამის სიცოცხლის ამქვეყნად გასაგრძელებლად საუკეთესო გზა მის სოფელში, მისსავე სკოლაში მისი სახელობის ბიბლიოთეკის მოწყობა იქნებოდა.
და აი, ბარდუბნის სკოლაში მარიამ ბარდაველიძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა – ულამაზესი სამკითხველო, რომელიც ნინო ჩაკვეტაძის შემოწირული ნახატითაც დავამშვენეთ. სამასი წიგნი ჩავიტანეთ. ხვალ – ეს თაროები მთლიანად შეივსება.
მარიამის 12 წლის დას – ლიზის გურული დღიურების ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაგვეხმარა. 5 ნოემბერს მარიამის მამის, შესანიშნავი პედაგოგის, რამაზ ბარდაველიძის გარდაცვლებიდან ერთი წელი გასულა. შემთხვევითი იყო ეს დამთხვევა, მაგრამ ძალიან მძაფრი.
მაგრამ ამაზე მძაფრი რამაც მოხდა – დღეს – ჩემი წიგნი მომაწოდეს, მარიამის ნაყიდი და მას სიკვდილის შემდეგ გავუკეთე სამახსოვრო წარწერა.
გზაზე, უკან მომავალმა, ყველა მომდგარი ცრემლი ჩავიბრუნე – სიცოცხლის დღე იყო და ამიტომაც. მარიამიც იცინოდა და მე რატომ უნდა მეტირა.
მადლობა დახმარებისთვის – „პალიტრა L“-ს, გიმნაზია ,,შავნაბადას’’, ანა გაბედავას“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.
„ეკვილიბრიუმის“ მხარდამჭერია „გალფი“.