გია ვოლსკი: ვფიქრობ, აქცია ნორმალურია, დემოკრატიაა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი გეგმავს, სახელმწიფოს სტაბილურობას ემუქრება
“მგონია, რომ ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში დგას დაუმორჩილებლობის სურათის, ეკონომიკური სირთულეების შექმნის, ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ყოველგვარი დანაშაული აღკვეთოს.
„განცდა მრჩება და გაცილებით უფრო მეტი არგუმენტი მაქვს, ვისაუბრო იმაზე, რომ პანდემიის გავრცელება გაცილებით უფრო სერიოზული მიზანია, მათ შორის, იმ ადამიანის, რომელიც უკრაინიდან მოძღვრავს ხალხს, რომ მას თურმე გადაუტანია კორონავირუსი და კარგად არის. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენი ოპონენტების დღის წესრიგში დგას დაუმორჩილებლობის სურათის, ეკონომიკური სირთულეების შექმნის, ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა. სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ყოველგვარი დანაშაული აღკვეთოს. საზოგადოების მზაობა, რათა ქვეყანაში უბედურება არ მოხდეს, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთ თავგაცხელებულ პოლიტიკოსს ჰგონია. ასე რომ, ვფიქრობ, აქცია ნორმალურია, დემოკრატიაა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი გეგმავს, სახელმწიფოს სტაბილურობას ემუქრება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ის სტანდარტი, რასაც დემოკრატია ჰქვია, არანაირად არ უნდა შეიბღალოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.