ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში მდებარე წმ. გიორგის („ოქროს ბებერი წმ. გიორგი“) სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა .

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც არქიტექტორ რესტავრატორმა – პაატა ბასიშვილმა შეასრულა, სახურავს მოეხსნა ძველი, უსახური თუნუქის სახურავი. დემონტაჟი ჩაუტარდა ხის ძველ ფენილს. ეკლესიის კამარა გასუფთავდა ძველი, გამოქარული ცემენტის ხსნარისაგან და დამუშავდა ნესტსაწინააღმდეგო ხსნარით, რომელზეც მოეწყო ხის ახალი კონსტრუქცია.

სტრუქტურულად განახლებული ფენილი ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქის საბურველით გადაიხურა.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.

გარბანის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია მოწითალო ფერის ქვის თლილი კვადრებითაა ნაგები. წყობა ჰორიზონტალური რიგების დაცვითაა შესრულებული. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა მინაშენი, ზოლო ჩრდილოეთ მხარეს კი – ეკვდერი, რომელთაგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიაზე სარესტავრაციო ჩარევები 1968-1970 წლებშიც განხორციელდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში საკულტო ნაგებობის რეაბილიტაციაზე რესტავრატორთა ჯგუფმა პროექტის ავტორების: თემურ აბრამიშვილისა და რუსუდან გვერდწითელის ხელმძღვანელობით იმუშავა.
გარბანის წმ. გიორგის ეკლესია IX – X ს.ს. თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები