“საქართველოში არჩევნების გაყალბების პრაქტიკა იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ”, – ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალება არავის ექნება.
„საქართველოში არჩევნების გაყალბების პრაქტიკა იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ. მინდა, ძალიან მარტივად და მკაფიოდ განვაცხადო – კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკოსებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს პასუხი მოეთხოვება კანონის მთელი სიმკაცრით. ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება სრულიად დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი აზრი.