ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გრანტი მოიპოვა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2019 წელს FAO-ს მიერ ორგანიზებულ, ლაბორატორიებს შორის გამოცდაში ჩაერთო, სადაც მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იღებდა. მონაწილეებს ნიადაგის 3 ბრმა ნიმუში დაეგზავნათ, რომელზეც, მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მეთოდების მიხედვით, შეზღუდულ დროში განახორციელეს კვლევები. ლაბორატორიებმა თითოეული ნიმუში 3 განმეორებაში შეასრულეს, რადგან, სიზუსტესთან ერთად, ცდომილების შკალაც დადგენილიყო.
“საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შემდეგაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. წლის ბოლოსთვის, ლაბორატორია 2 სამუშაო-ლაბორატორიული და 2 სასწორისთვის სპეციალური ლაბორატორიული მაგიდა გადაეცემა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლაბორატორიებს შორის გამოცდა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ FAO-მ ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი(GLOSOLAN) 2017 წელს დააარსა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წელს შეუერთდა. 2019 წელს შეიქმნა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპისა და ევრაზიის ქსელი (EURSOLAN), რომლის თავმჯდომარედაც, 2 წლის ვადით, ნიადაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძეა არჩეული”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.