ირაკლი კობახიძე: ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება
“მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი, ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე.
„რაც შეეხება მეორე ტურებისთვის სამზადისს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციას მზადება უკვე დაწყებული აქვს კახეთიდან, ზუგდიდიდან და თბილისის ოლქებიდან, აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, აგიტატორების მობილიზაცია და ა.შ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მანდატს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლიც მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამაზე პარლამენტი, ალბათ იმსჯელებს. რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი. ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.