იოსებ არჩვაძე: უკრაინაში გაზის საფასური იზრდება 35%-ით, საქართველოს მთავრობა კი მოსახლეობას 4 თვის კომუნალურებს უხდის, ეტყობა, ასე ურჩია „რეფორმატორმა სააკაშვილმა“ პრეზიდენტ ზელენსკის

„საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა და ეს დასტურდება არა მარტო შესაბამისი საკონსტიტუციო ჩანაწერით, არამედ – ხელისუფლების პრაქტიკული საქმიანობითა და იმ ნაბიჯებით, რომლებიც ითვალისწინებენ მოსახლეობის ფართო ფენებისადმი მხარდაჭერას, დახმარებას – მონეტიზებული ფორმით იქნება ეს თუ კომუნალური ხარჯების პერიოდული სუბსიდირებით”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ერთერთ ასეთ ნაბიჯად მიიჩნევს ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციის მესამე ფაზის ფარგლებში მოსახლეობის კომუნალური ხარჯების დაფინანსების პროგრამას, რაც 2020 წლის 1-ელი ნოემბრიდან ოთხი თვის მანძილზე განხორციელდება. კერძოდ, ყველა ოჯახს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 მ3 მოცულობაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სახელმწიფო დაუფარავს შესაბამის გადასახადს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში. ასევე, იმ შინამეურნეობებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ. ნაკლებ ელექტროენერგიას, სახელმწიფო დაუფარავს აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში ელექტროენერგიის, აგრეთვე დასუფთავების მომსახურებისა და სასმელი წყლის საფასურს.

„საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუ როგორ იზრდება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯები ზამთრის თვეებში და, შესაბამისად, რამდენად დროული და „მაშველი რგოლის“ ეფექტის მატარებელია საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ფონზე მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პერიოდში უკრაინაში მოსახლეობას გაზის მოხმარების საფასური ეზრდება 35 პროცენტით. უკრაინასთან პარალელს ვავლებთ იმიტომ, რომ იგი ჩვენთვის ახლობელი და მრავალი ასპექტით დაკავშირებული ქვეყანაა. თანაც, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული (საკუთარი წარმოება ქვეყნის რვასაათიან მოხმარებასაც კი ვერ ფარავს) მაშინ, როდესაც უკრაინაში ბუნებრივი აირის მთლიან მოხმარებაში საკუთარი წარმოების წილი 2/3-ზე მეტია”, – აღნიშნავს ექსპერტი.

ამასთან, იოსებ არჩვაძე არ გამორიცხავს, რომ გაზის საფასურის ამგვარი ზრდა სულაც საქართველოდან უკრაინაში გადახვეწილი „რეფორმატორი მრჩევლების“ რეკომენდაციებითაა განხორციელებული. „მოსახლეობა ყველაზე ობიექტურად აფასებს ხელისუფლების სოციალური პოლიტიკას, რაც შემდგომ, სხვადასხვა დონის არჩევნების შედეგებში აისახება”, – აღნიშნავს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები