„რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან დეპუტატის პარლამენტში არშესვლა პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას არ გამოიწვევს“ – ლადო ბოჟაძე

საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან დეპუტატის პარლამენტში არშესვლა პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჟაძემ ქვეყნაში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

„პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, მივულოცო საქართველოს კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩვნების ჩატარება. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ეუთო/ოდირ-ის წინასწარი შეფასება, ასევე, ევროპის საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანლების განცხადება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის შენიშვნა, რეკომენდაცია, რომელიც იქნა გამოთქმული ანგარიშებში, რომელსაც მოგვცემენ როგორც საერთაშორისო, ასევე – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მომავალი არჩევნებისთვის.
რაც შეეხება არჩევნების შედეგების შეჯამებას: იცით, რომ პროპორციული ნაწილის, ფაქტობრივად, 100-ვე პროცენტია დათვლილი, მანდატები უკვე განაწილებულია. 21 ნოემბერს 16 საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება. რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს: ეს უკვე დაკავშირებულია განცხადება-საჩივრებზე, მათ შორის, დღეს არის საუბნო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩირების ვადები. ეს პროცესი, თუ საჭირო გახდა, გადაინაცვლებს ზემდგომ საარჩევნო კომისიებში, მათ შორის, სასამართლოებში. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ არჩევნების არაღიარების, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების არანაირი რესურსი და საბაბი ამ ეტაპისთვის არ არსებობს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგებიდან 10 დღის ვადაში უნდა დანიშნოს.

„რაც შეეხება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებას, იცით, რომ არჩევნების შედეგებიდან 10 დღის ვადაში უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა პირველი სხდომა. მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ პარლამენტის უმრავლესობამ, ანუ 76-ზე მეტმა დეპუტატმა. დღეის მდგომარეობით, 134 მანდატი უკვე განაწილებულია, 120 პროპორციულით, 14 მანდატი პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე. პირველი სხდომა იქნება 21 ნოემბრის, ანუ მეორე ტურების ჩატარების შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ოპოზიციის ნაწილი შევა თუ არა პარლამენტში, ეს არ შეუშლის ხელს პარლამენტის ლეგიტიმურობას, პარლამენტის საქმიანობას, თუმცა, უნდა დაველოდოთ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას. ნებისმიერი ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტება არის სრულიად კანონიერი. ვიმეორებ, დღესაც არის ვადები იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტებმა, დაინტერესებულმა მხარეებმა გაასაჩივრონ არჩევნების შედეგები, თუ ამის სამართლებრივი მიზეზები და სურვილი აქვთ. შემდეგ უკვე უნდა გავაგრძელოთ მეორე ტურები, პარლამენტის მოწვევა. რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან დეპუტატის პარლამენტში არშესვლა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვვეაში არ გამოიწვევს პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

შეგახსნებთ, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები ასეთია: “ქართული ოცნება“ – 48.15%; “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27.14%; “ევროპული საქართველო“ – 3.78%;
“ლელო“ – 3.15% ; “პატრიოტთა ალიანსი“ – 3.14%;
“სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15%; “გირჩი“ – 2.89%; “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1.33%; “ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები