ამირან სალუქვაძე: სანამ ყველა პარტია ხელს არ მოაწერს, ოქმი არ იგზავნება, ცესკო მხოლოდ გაგზავნილს თვლის, ნუ გადაღალეთ ხალხი

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს პირველად შედეგებს ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია გააბითურა.

“1. აღარაა 20 წლის წინანდელი არჩევნები. ოქმები არ/ვერ ყალბდება. დაელაპარაკეთ, თუ გყავდათ ვინმე საარჩევნო უბნებზე. სანამ ყველა პარტია ხელს არ მოაწერს, ოქმი არ იგზავნება. ცესკო მხოლოდ გაგზავნილს თვლის. ეს ყველამ იცის და ცრუ მუხტი ვერ შეიქმნება. ეს არაა ის დრო, ბიულეტენებს წიხლებით რომ ყრიდნენ. ამიტომ, ნუ გადაღალეთ ხალხი. ერთხელ მაინც ჩაატარეთ მშვიდად არჩევნები, შეირგეთ და შეარგეთ ხალხს. წინ მეორე ტურია.

2. გახსოვთ, ოპოზიციას ვურჩევდი ერთად არ შეიყაროთ მეთქი. თავშივე ვამბობდი, რომ გაერთიანება ყოველთვის არ იძლევა სინერგიას.

გამოვიდა, რაც წინა პოსტში დავწერე, სააკაშვილმა გაგაბითურათ მთელი ოპოზიცია. გავიდა ცალკე და ხედავთ შედეგს. პოლიტიკაა.

3. შესაბამისად, თუ ოპოზიციური პარტიები უკვე დღეიდან არ იფიქრებთ მომავალი არჩევნებზე, არ გამსხვილდებით, არ განახლდებით და ისევ 59 პარტიით გახვალთ არჩევნებზე, შემდეგ პარლამენტში გავა ზუსტად 2 პარტია, ქართული ოცნება და ენმ.

4. ე.წ. მარშალის გეგმა და აღმაშენებელი, მიუხედავად ხმამაღალი სახელწოდებებისა და დიდი დანახარჯებისა, ჩაფლავდნენ. თუ მხოლოდ 2-3-4 კაცის გაყვანა იყო ამოცანა, მაშინ შეგიძლიათ წარმატებად ჩათვალოთ.

5. გირჩისთვის და ელისაშვილისთვის აშკარად წარმატებაა პარლამენტში გასვლა. სამწუხარო ისაა, რომ “გირჩს” ამდენი მიმდევარი ჰყავს ქვეყანაში.

6. ნათელაშვილი 1-2 მანდატით გადის, ბურჯანაძე და ბევრი ძველი პოლიტიკოსი ვერა. სამაგიეროდ მაჭუტაძე შევა. ენმ-ის ბევრი მაჟორიტარი, რომლებიც წააგებენ, პროპორციული სიით გადიან. ზოგიერთმა პარტიამ ერთი ქორწილის ხმები ძლივს მოაგროვა.

7. ისევ გავიმეორებ, ქართული ოცნებისთვის 48% მესამე ვადისთვის, ნორმალური შედეგია. უბრალოდ შეეძლოთ მეტი. პლუს გადახედონ სოციალურ ქსელს, მოსწონთ თუ არა ხალხს ეს შედეგი.

8. ჭრელი პარტია რომ გამოვიდა გასაგებია. თუ შეხედავთ პარტიების ჭრელ სიებს, ეს ცალკე პრობლემაა. წარმოგიდგენიათ ასეთმა ჭრელმა 9 პარტიისგან და ბლოკისგან შემდგარმა ოპოზიციამ კოალიცია რომ ჩამოაყალიბოს?”-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის,​ ცესკო-მ უბნების 95 პროცენტი დათვალა – “ქართულ ოცნებას” – 48,12%, “ნაცმოძრაობას” – 26,92% აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები