ლიეტუვის ახალდანიშნულმა ელჩმა სალომე ზურაბიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მას დიპლომატიური რწმუნების სიგელები წარუდგინა

ლიეტუვის რესპუბლიკის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მას დიპლომატიური რწმუნების სიგელები წარუდგინა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ლიეტუვას და საქართველოს ძალიან ახლო ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული პარტნიორობა აკავშირებთ მრავალ სხვადასხვა სფეროში, რომელთა შორისაცაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, კულტურული და აკადემიური გაცვლა, ეკონომიკა და ვაჭრობა, ინოვაციები და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ინიციატივები. ლიეტუვა კვლავაც განუხრელად დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმუშავებს ამ საკითხის საერთაშორისო ფორუმებზე გასახმოვანებლად.

ლიეტუვა კმაყოფილია საქართველოს აქტიური მონაწილეობით აღმოსავლეთ პარტნიორობაში და აფასებს მის წვლილს 2020 წლის შემდგომი პერიოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფორმირებაში. ლიეტუვა მზადაა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რათა დასახოს ხელშესახები გრძელვადიანი ამოცანები და განამტკიცოს პარტნიორობა. საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარში რჩება ამბიციურ მიზნად 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ.

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ დააფიქსირა ლიეტუვის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვა აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში და რჩება ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა.

ელჩმა ასევე დააფიქსირა ლიეტუვური მხარის სურვილი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის მიუხედავად, გაღრმავდეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ორ ქვეყანას შორის, მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზეც.

საუბარი ასევე შეეხო სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სიტუაციასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, რაშიც საქართველოს, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს.

დამატებით ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შაბათს გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გაღრმავებისათვის. ელჩმა გამოხატა თავისი დარწმუნება, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები