მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვასა და, ამავე დროს, არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ეთნოსოფელი გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მაჭახელა ყოველთვის ამაგრებდა აჭარის საზღვრებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილს სტუმრობდეს ბევრი ტურისტი, რომლებსაც დახვდებათ გამართული ინფრასტრუქტურა, გამართული მარშრუტები და ახალი მიმართულებები.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა საქვეყნო საქმის ასე სწორად განვითარებაში, დაგეგმვაში. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ აღდგეს ეკონომიკური შემოსავლები და, პირველ ყოვლისა, ისარგებლოს მაჭახლელებმა და მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები