“ეს არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაც წესებით, ეს არის წესების გარეშე ბრძოლა, არა საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ სულ სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების დღეს კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ეცდება.
„მათი მავნებლური სისტემების პარალელურად, მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც, მათი აზრით, განხორციელებადია და მე გეუბნებით, რომ ეს ვერ განხორციელდება, გამორიცხულია. რამდენიმე ათეულ პუნქტზეც კი შეიძლება, ავიდეთ ჩამონათვალში, რომელი პუნქტებიც, თითოეული ცალ-ცალკე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების მცდელობას, ქაოსის შექმნის მცდელობას და აშ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთს. საყურადღებოა, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მათი მხრიდან იქნება მცდელობა, არჩევნების დღეს გაავრცელონ კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია, თითქოს ამ უბნებზე დაფიქსირდა კორონავირუსი, ეს არის გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, ასეთი პუნქტები იქნება მრავალი. შეიძლება არ აქცევთ ყურადღებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ინფორმაციის გამოთხოვის ინტენსივობაზე როდესაც არის საუბარი. ამით ისინი ეცდებიან კომისიის წევრების მუშაობის პარალიზებას. შეუძლებელია, გამოუვიდეთ, რადგან ჯერ ერთი, ადამიანური რესურსი არ ეყოფათ, იმიტომ რომ უკვე ყოველი სამი და ოთხი ადამიანიდან ერთი „ქართულ ოცნებას“ აწვდის ინფორმაციას, თავადაც იმდენად შეწუხებულები არიან ამ მავნებლური გეგმებით. ეს არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაც წესებით, ეს არის წესების გარეშე ბრძოლა, არა საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ სულ სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა მდინარაძე.