გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 20.8 მლნ ევრო გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში”.
შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.
“პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი 5,8 მლნ ევროს ოდენობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის.
აღნიშნული შეთანხმებები, ასევე, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.