სოზარ სუბარი: ყველანი ერთად შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას – ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება

დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას – ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა წარდგენისას განაცხადა.

სუბარის შეფასებით, სამგორი ერთი მხრივ გამოწვევებით სავსეა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი შესაძლებლობების რაიონია. სუბარმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავის დროზე, გასულ საუკუნეში სამგორი ცნობილი იყო თავისი ძალიან დიდი წარმოებებით და მაღალკვალიფიციური მუშახელით, თუმცა 90-იან წლებში ეს ყველაფერი გაჩერდა და უამრავი მაღალკვალიფიციური ადამიანი უმუშევარი დარჩა.

“დღეს სამგორში უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ და გვერდში დავუდგები ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს სამგორში, ამისთვის აქ ყველაფერი არსებობს – არის მუშახელი, არის ინფრასტრუქტურა და ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მთავრობა, მერია, გამგეობა, საკრებულო შევძლებთ გადავჭრათ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას – ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება. იქნება სამგორი, რომელიც თბილისის ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქნება, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მწვანე გარემო.

სამგორში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ერთ-ერთი ჩემი მიმართულება იქნება ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც სამგორის, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ პარლამენტი არ არის მხოლოდ სამგორი, პარლამენტის წევრმა მხოლოდ თავის რაიონზე არ უნდა იზრუნოს. ამიტომ, გაძლევთ პირობას, ძალიან აქტიური ვიქნები ყველა იმ საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებას სჭირდება.

აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს – დეოკუპაციას.

ჩვენს ზურგს უკან არის დასახლება, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე ასეულმა დევნილმა მიიღო ძალიან კარგი ბინა, თუმცა გაცილებით ბევრი დევნილია თუნდაც იმავე სამგორში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ბინა და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ . ეს არის მთელ საქართველოში და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ყველა დევნილმა მიიღოს ღირსეული საცხოვრებელი.

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ახდება ყველა დევნილის და ჩვენი, ყველას მთავარი ოცნება, როცა ყველა დევნილი დაბრუნდება თავის საკუთარ სახლში, დაბრუნდებიან სოხუმში, დაბრუნდებიან ცხინვალში, გაგრაში, ახალგორში და ჩვენ ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება ერთიანი და მთლიანი ოსებთან, აფხაზებთან და ჩვენს თანამოძმეებთან ერთად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები