“არემჯი”: “მთავარი არხის” მესვეურები და ჟურნალისტები, პოლიტიკური მიზნითა და ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით, კომპანიის, მისი აქციონერებისა და აქ დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაციას ეწევიან
კომპანია “არემჯი” “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება. მათი თქმით, სიუჟეტის ავტორების ფანტაზია დაბალი ხარისხის, „ყვითელი“ ჟანრის სერიალებსაც კი სცდება, როდესაც „არემჯის“ დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც კი „ამხელენ“.
“იძულებულები ვართ, გამოვეხმაუროთ კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ ტელეკომპანია „მთავარის“ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც უკვე განუწყევეტელ რეჟიმში ხორციელდება! სამწუხაროდ, ტელეკომპანიის მესვეურები და ჟურნალისტები, კონკრეტული პოლიტიკური მიზნითქ და საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით, კომპანია “არემჯის”, მისი აქციონერებისა და აქ დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაციას ეწევიან.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 ოქტომბერს ტვ „მთავარის“ გადაცემაში გასული სიუჟეტის აბსურდული მონათხრობის დეტალურ განხილვას არ ვაპირებთ, გვინდა, მაინც ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია გამიზნულად დამახინჯებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტის ავტორების ფანტაზია უკვე დაბალი ხარისხის, „ყვითელი“ ჟანრის სერიალებსაც კი სცდება, როდესაც „არემჯის“ დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშიც კი „ამხელენ“.
ცნობილი ფაქტია, რომ „რიჩ მეტალს გრუპმა” (RMG – არემჯი) ბოლნისის რაიონში არსებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები და სამთო-მოპოვებითი საწარმო 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში შეიძინა. მას შემდეგ კომპანიამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარების კუთხით, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებულია ათობით ექსპერტისა და კვლევის შედეგად. ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი წარმატება განაპირობებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ ინტერესსაც „არემჯის“ მიმართ.
ამდენად, „არემჯის“ მენეჯმენტის და რიგითი თანამშრომლების მიმართ არსებული ზეწოლის, ცილისწამებისა და დაშინების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცრუ ინფორმაციის სისტემატურად გავრცელების, თავისუფალი ბიზნესის შევიწროებისა და ეკონომიკური ზიანის მიყენების ფაქტებზე ჩვენ ვაცნობებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორს და ვიმოქმედებთ კანონით მონიჭებული უფლებების ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.