სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 26,307 განაცხადი შევიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღება დასრულებულია.

სააგენტოს ინფორმაციით, წელს პროგრამაში მონაწილეობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გაგზავნა განაცხადები. ჯამურად, 26,307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებენ ელ. ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

„წელს ბიზნესიდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ ყოვლისა, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს”, – აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები განახორციელებენ.

ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად ენიჭება კოდი. შემფასებლები კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით ახარისხებენ მიღებულ აპლიკაციებს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები