ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დადგა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პანდემიას ვერ უმკლავდებიან. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ახალგორის პირველი საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი, ვერა კოტოლოვა გარდაიცვალა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მასწავლებელი მაღალი სიცხით ჯერ ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ახალგორიდან კი ცხინვალში გაგზავნეს, სადაც ეჭვი ინსულტზე მიიტანეს, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სახლში გაწერეს, სადაც ის დაიღუპა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ დაუდასტურა, რომ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, 15 სექტემბრიდან რეგიონში  469 მოქალაქეა ინფიცირებული. მაისის, შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალში სულ “კოვიდ19”-ის 559 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსაც დაუდასტურდა. ის მანამდე გამოუვლინდა ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანს, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარ სანიტარიულ ექიმსა და ე.წ. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. კორონავირუსითაა ინფიცირებული დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გენადი ბეკოევიც.

ასევე, სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს 214-მდე ადამიანმა მიმართა. ინფორმაციას ცენტრის მთავარი ექიმი, ემზარ კულუმბეგოვი ადასტურებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ, მაგალითად, 20 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებული ეჭვი ათამდე პაციენტთან დაკავშირებით გაჩნდა, თუმცა, ტესტი მხოლოდ ხუთს ჩაუტარდა. როგორც ჩანს, ცხინვალში რესურსების ნაკლებობაა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თავადაც ადასტურებს, რომ სამსახურს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა და პაციენტების ნაკადი დიდია. სასწრაფოს, მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტების ექიმთან გადამისამართების გარდა, ბევრი არაფერი შეუძლია. ოსურ სოციალურ ქსელებში საუბრობენ, რომ მედიკამენტების, სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტია.

ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში ადგილების ნაკლებობაა, სასწრაფოები გამოძახებაზე მისვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ,  ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე კოვიდჰოსპიტლის მოწყობა იგეგმება. “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” ინფორმაციას ავრცელებს, რომ ორგანიზაციამ ცხინვალიდან მძიმე ავადმყოფების გადაყვანა თბილისის კლინიკებში დაიწყო.

ოკუპირებულ რეგიონში არსებული მძიმე ვითარება ადგილობრივ მოსახლეობაზე რუსული საოკუპაციო პოლიტიკის ფატალურ გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პუტინის ხელისუფლება კოლოსალურ თანხას ხარჯავს სამხედრო ბაზების მშენებლობასა და ცხინვალში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედროების შენახვაზე, თუმცა, არ აინტერესებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და ამ ურთულეს პერიოდშიც საკუთარ ვიწრო ინტერესებზე ფიქრობს.

მალხაზ სარიშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები