არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისი თქმით, დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა.
“ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტები 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით ათი თავით მაღლა დგას წინა ხელისუფლების პოლიციურ სისტემაზე და ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დამნაშავეს პოლიცია აუცილებლად დაიჭერს.