სახალხო უნივერსიტეტის ოქტომბრის ლექციები „კავკასიურ სახლში“

26 ოქტომბრიდან „კავკასიური სახლი“ მუშაობას კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.  ორგანიზატორების ინფორმაციით, იორგ ჰენლესა და ოთარ ნოდიას სახელობის აუდიტორიებში საგანგებო წესების მოქმედება თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამიტომ სახალხო უნივერსიტეტი თავის სტუმრებს დაწესებულების ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით უმასპინძლებს.

ოქტომბერში სახალხო უნივერსიტეტის სამი ღონისძიება გაიმართება:

26 ოქტომბერს, 17 საათზე, „კავკასიური სახლის“ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ლექცია ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მესამედი საუკუნეა აკვირდება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე დაპირისპირებებს, მონაწილეობს სამშვიდობო დიალოგის პროცესში, ურთიერთობა აქვს სომხური და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლებთან. ამასთანავე, ზედმიწევნით კარგად იცნობს საერთაშორისო საზოგადოებისა და მეზობელი სახელმწიფოების დამოკიდებულებებს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტთან მიმართებით.

28 ოქტომბერს, 17 საათზე, სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩევლისა და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, მექა ხანგოშვილის მოხსენების მოსმენის შესაძლებლობა მიეცემათ. იგი დამსწრე საზოგადოებას ქისტებისა და ვაინახური თემის შესახებ მოუთხრობს.

30 ოქტომბერს, 17 საათზე, ლექციათა ციკლი დასრულდება თსუ-ის პროფესორის, ფილოლოგის, შუა საუკუნეებისა და ქრისტიანობის ისტორიის მკვლევრის – ლევან გიგინეიშვილის მოხსენებით „ილია და ჩვენ“. პროფესორ გიგინეიშვილის საჯარო ლექციით „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტი უერთდება ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ღონისძიებების კვირეულს.

ლექციებში მონაწილეობის მისაღებად დათქმულ დროს ეწვიეთ „კავკასიური სახლის“ Facebook და YouTube არხებს:
 https://www.facebook.com/caucasianhouse.ge
 https://www.youtube.com/user/CaucasianHouse/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები