ლევან დავითაშვილი: შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის
“ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთაველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ისეთივე კომპლექსური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, როგორიც აქვს ქალაქ თბილისს, რომლიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება.
2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტები, საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.
გეგმაში გაწერილია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე – საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას, ეფექტიანად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.