გიორგი გახარია – ზუგდიდის მოვლენებზე: შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს უმთავრესი ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული
“შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს უმთავრესი ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ყველა კანონიერი უფლება უნდა იქნას გამოყენებული.
“შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს უმთავრესი ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა კანონიერი უფლება უნდა იქნეს გამოყენებული მიზნის მისაღწევად”, – აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.