აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთმა სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა – ერევანში ინფორმაციას უარყოფენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაბალის, ერთი კი ქურდამირის მიმართულებით გაუშვეს.

ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სიაზანის რაიონზეც.

აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ერევანში უარყოფენ და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელს ხაზზე მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა.

ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეტევა სცადა, რომელიც მოგერიებულ იქნა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები