NDI: ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საარჩევნოდ რეკომენდაციების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, შესაბამისი წესების გასაჯაროვებისთვის და მედიისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ამ წესების დაცვის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას;
o ამომრჩევლებისთვის დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა მოსახლეობას მათი ხედვები და გეგმები გააცნონ;
o მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებისა და უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ – ყოველგვარი ჩარევის
გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტები დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეთა ადეკვატურად სანქცირება უზრუნველყონ;
o გამჭვირვალობის გასაზრდელად და კამპანიების დაფინანსების წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო კოდექსი უნდა მოიცავდეს დებულებებს ონლაინ გვერდებზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის დეკლარირების შესახებ, რომლებიც კამპანიის მიზნებისთვის გამოიყენება. ონლაინ განთავსებული რეკლამების შემოწმების გასამარტივებლად, არჩევნებამდე სახელმწიფო ორგანოებმა ფეისბუქთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ;
o მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, ჟურნალისტებმა და ონლაინ პლატფორმებმა არჩევნების დროს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მისი გავლენის შესამცირებლად
მუშაობა უნდა გააგრძელონ და კიდევ უფრო გააძლიერონ. ასევე, საინფორმაციო სივრცის დამაზიანებელი ზეგავლენებისგან დაცვისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიები უნდა დანერგონ;
o პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შიდა მექანიზმები უნდა დანერგონ;
o კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები უნდა წარმოადგინონ;
o პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების
რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
o პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიებში ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოს გამოსცა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები