NDI: ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს
“საქართველოს მედია გარემო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანი, თუმცა მეტად პოლარიზებულია, რაც, შესაძლოა, მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენდეს გავლენას”, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს.
„NDI-ის 2019 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69 პროცენტმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს, ძირითადად, ტელევიზიის საშუალებით იგებენ, თუმცა იმავე გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 32-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ ქართული სატელევიზიო მედია მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს. არჩევნების დროს, პარტიებისთვის ტრადიციული მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, რეკლამების განთავსების მთავარ წყაროდ რჩება. მაშინ, როდესაც მოქალაქეებისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ რეგულარული და სანდო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობები შეშფოთებას იწვევს; მათ შორისაა ისეთი ინციდენტები, როგორიცაა: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ წარსულში მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიკერძოებულად წარიმართა.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ტრადიციული მედია (ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია) პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ეროვნულ და ადგილობრივ დებატებს და გადაცემებს აწყობდნენ. თუმცა, მედიის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დებატებში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ 15 ოქტომბერს გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული მედია საშუალებების უმეტესობა – განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ოპოზიციურად ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილად მიიჩნევენ – აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ თავიდან აირიდა ან სრულიად უგულებელყო მათ გადაცემებში მონაწილეობა. NDI-ისთან საუბრისას სხვადასხვა ჩართულმა მხარემ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიმართ უნდობლობა გამოხატა და განაცხადა, რომ კომისია პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტად ოპოზიციური მედიის კონტროლზეა ორიენტირებული.
მხარეები აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად, მარეგულირებელი უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის განეიტრალებასა და საქართველოს მედეგობის განვითარებაზე უნდა კონცენტრირდეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს. რეკლამებთან და მედიასაშუალებების ჯარიმებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი დავებიც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ პარტიებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ.
მიუხედავად იმ შიშებისა, რომელიც 2020 წლის ივლისში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს მოჰყვა და რომელიც კომუნიკაციების კომისიას გარკვეულ დარღვევებში ბრალდებულ კომპანიებში „სპეციალური მმართველის“ დანიშნვის უფლებამოსილებას ანიჭებს, ამ უფლებამოსილებას კომისია მხოლოდ შეზღუდულად იყენებს. მაუწყებლები NDI-ისთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ მუშაობაში ჩარევას ან გამოძიებას საარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია, თუმცა კომისიისთვის მინიჭებულ ფართო დისკრეციულ უფლებებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოხატავენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში 19 აგვისტოს გამოსცა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს.