გიორგი ჯანჯღავამ ანკარაში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ ანკარაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
საქართველოს ელჩმა სიტყით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
გიორგი ჯანჯღავამ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების მიერ გლობალური პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ხსენებულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოჩენილ დახმარებებს, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც, თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ადგილზე გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეებსა და საელჩოს შორის არსებული აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება პერიოდულად.