ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

ევროპაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა. ამ ფონზე, ბელგიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ახალი შეზღუდვები დაწესდა.

ბელგიაში დღეიდან საერთო ეროვნული ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა – ალექსანდრეს დე კროომ განაცხადა, ე.წ. კომენდანტის საათი 00:00 საათიდან 05: 00 საათამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბარები და რესტორნები დაიხურა.

შვეიცარიაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ასევე, აკრძალულია 15 ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა მკვეთრი მატება შეშფოთებას იწვევს, ეს ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეეხება.

საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი პარიზზეც ვრცელდება. შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ის შეეხო ასევე ქვეყნის 8 მსხვილ ქალაქს.

ასევე, იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყნის ქალაქების მერებს, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადება 21:00 საათიდან შეეძლებათ. გარდა ამისა, კონტემ განაცხადა, რომ კვების ობიექტების მუშაობა შეიზღუდება, კერძოდ, ბარები 18:00 საათზე დაიხურება, რესტორნები და კაფეები, ჯერჯერობით, ღამის 00:00 საათამდე იმუშავებენ, თუმცა, მაგიდასთან მხოლოდ 6 პირის ყოფნაა დასაშვები.

Worldometer-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში 222 253, შვეიცარიაში 74 422, საფრანგეთში 897 034 და იტალიაში 414 241 ინფიცირებული გამოვლინდა.

გარდაცვლილია ბელგიაში 10 413, შვეიცარიაში 2 123, საფრანგეთში 33 477 და იტალიაში 36 543 პირი.

ამჟამად, ევროპაში ინფიცირებულთა 17%, ხოლო გარდაცვლილთა 22% მოდის.

Reuters-ის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემით, კონტინენტზე ერთ დღეში 150 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Worldometer-ის დათვლით, ევროპაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7 012 156 ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები