ჩეხეთის დედაქალაქში 18 ოქტომბერს პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
Radio Prague International-სა და IDNES-ის ინფორმაციით, შეკრებილები ეპიდემიის შესაკავებლად მთავრობის მიერ შემოღებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.
ამასთან, აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ღონისძიებაზე უსაფრთხოების ზომები იქნებოდა დაცული.
თუმცა, მაშინ, როდესაც ჩეხეთში, 5 ოქტომბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით, მასობრივ ღონისძიებებში 500-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა აკრძალულია, ასევე შეკრებილებს პირბადეები უნდა ეკეთოთ და 20-კაციან ჯგუფებად უნდა იყვნენ დაყოფილი, ქალაქის მოედანზე 2 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, მათგან 400-მდე რადიკალური საფეხბურთო ქომაგები იყვნენ. ასევე, აქციის მონაწილეები დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების მოთხოვნას არღვევდნენ.
ამის გამო, ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუმცა, შეკრებილები დაშლას არ აპირებდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, საპასუხოდ შეკრებილების ნაწილმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადა, ისროდა ბოთლებსა და ქვებს.
მედიის ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც არიან, ოთხი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. დაკავებულია 100-ზე მეტი პირი.