გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემსრულებელ კომპანიას მკაცრ გაფრთხილებას აძლევს

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე, ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში, დროებითი მყარი გადახურვების მოწყობის ვადებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შემსრულებელ კომპანიას მკაცრ გაფრთხილებას აძლევს.

„29 ივლისს გაცემული სანებართვო პირობების თანახმად, რომელიც გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, პასტოფორიუმებზე, საკურთხევლსა და წმ. მარინეს ეკვდერზე პროექტით განსაზღვრული დროებითი გადახურვის მოწყობას ითვალისწინებდა, შემსრულებელმა დადგენილი სამუშაოები სრულად ვერ განახორციელა. ამ დრომდე კომპანიას მყარი გადახურვების მოწყობის სამუშაოები გუმბათის ყელისა და წმ. მარინეს ეკვდერის ფრაგმენტებზე აქვს შესრულებული.

ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნულმა სააგენტომ ვადის გაგრძელების შესახებ შემსრულებელი კომპანიის წერილობითი თხოვნა 13 ოქტომბერს მაინც დააკმაყოფილა და დროებითი გადახურვების მოწყობის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვადა 25 ოქტომბრამდე გადაავადა. ვადის ხელახალი დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი ადმინიტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება.

მთავარი ტაძრის ქვედა რეგისტრებზე დაგებული კრამიტის სამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ეროვნული სააგენტომ მყარი გადახურვების სხვა არეალებზე მოსაწყობად შემსრულებელს – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ 1-თვიანი ვადა განუსაზღვრა. თუნუქის დროებითი სახურავები ტაძრის დარჩენილ ყველა ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე 13 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს.

ზამთრის პირობებში, კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით შემსრულებელს ტაძრის მკლავების მთლიან ფართობზე დროებითი გადახურვების მოწყობა უმოკლეს ვადაში ეთხოვა, რომლის სანებართვო პირობები ახლო მომავალში შეთანხმდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები