ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას “ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის” დირექტორის, ანტონიო ფაუჩის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულება გრიპის შემთხვევებსაც შეამცირებს.
“ანტონიო ფაუჩი ამერიკის მთავრობასა და მთლიანად საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. ხუთი მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისწინოთ, არის: 1. პირბადეების უნივერსალური ტარება, რასაც ხშირად ვიმეორებთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და როცა დისტანციას ვერ ვიცავთ; 2. ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, მეტრი, მეტრ-ნახევარი, უკეთესია – ორი მეტრი იყოს; 3. დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა პანდემიის პერიოდში რიტუალური ღონისძიებები; 4. მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უპირატესია, გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ გარეთ და არა – შიგნით, ანუ დახურულ შენობებში; 5. ხშირად ხელების დაბანა. გარწმუნებთ, თუ ყველა ამ რეკომენდაციასა და გზავნილს დავიცავთ, ეს გრიპის შემთხვევებსაც კი შეამცირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.