საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ეროვნული მნიშვნელობის თემაა, რომლის გამოძიება გამჭვირვალედ და საფუძვლიანად უნდა ჩატარდეს.
„ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს. ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება აქ არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლება – ვთვლით, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ კონსტიტუციის, კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ ის სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან და პარტნიორთან-აზერბაიჯანთან. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში იყო მოწოდებული, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ამ მომენტში ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა თალაკვაძემ.