თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები საჩუქრად გადასცა

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს.

“აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები