ნიკა სამხარაძე: ჩვენი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის სტანდარტის ამაღლება და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევაა, სწორედ ამაში გვეხმარება ასოცირების ხელშეკრულება

„საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს. ეს არ არის მარტო ჩვენი შეფასება, არამედ ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების შეფასებაა. ევროპარლამენტის უკანასკნელი ანგარიშიც ამას ადასტურებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ნიკა სამხარაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მან საქართველოს მიღწევებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხზე ისაუბრა.
„რაც შეეხება სოფლის მეორნეობის პროდუქციას, შემიძლია, ჩამოგითვალოთ, რა გადის ევროპაში საქართველოდან: ღვინო, მინერალური წყლები, ლურჯი მოცვი, ხილის კონსერვები, ჯემები, მწვანილი, თაფლი. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა ოპონირება, არამედ ის, რომ მომდევნო 4 წელიწადში საქართველო მოვამზადოთ, ძალიან მყარად განაცხადოს ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის უნდა გაკეთდეს: პირველ რიგში, სექტორული თანამშრომლობა, რომელიც არის ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ეს არის სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად, ინფრასტრუქტურა. საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, 2024 წლისთვის საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა 95%-ით ანუ თითქმის სრულად იქნება გამართული. 2024 წლისთვის 850 000-მდე აბონენტი იქნება სრულად უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით, რაც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. ჩვენი ურთიერთობის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგეტიკა. ჩვენ ვაპირებთ ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციას, სადაც მოხდება თავისუფალი მოთამაშეების შემოყვანა, განაწილებისა და გადაცემის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
​ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს 130-მდე მემორანდუმი განახლებადი ენერგიის (წყლის, ქარისა და მზის ენერგიის) გენერირებაზე საქართველოში. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. აგროსექტორში დაახლოებით 100 მლნ-ზე მეტი აქვს სხვადასხვა პროექტებზე თვითონ ევროკავშირს დახარჯული საქართველოში. ენერგეტიკაშიც საკმაოდ მსხვილი პროექტებია, მაგალითად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. თუ აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვისაუბრებთ, აქაც საკმაოდ მსხვილი თანხები იდება. საქართველოს ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი ამ წლებში იხარჯებოდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის შექმნაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაგალითად, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. სრულიად მოშლილი იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრები და აღდგა ისინი. ასოცირების ხელშეკრულების 1/3-ზე მეტი, ანუ მისი 35% პირველ 5 წელიწადში უკვე შევასრულეთ. მომდევნო 4 წელიწადში ვაპირებთ ამ ხელშეკრულების 2/3-ზე მეტი შევასრულოთ.
ასოცირების ხელშეკრულება არ არის თვითმიზანი, ჩვენი მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის სტანდარტის ამაღლება და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევა. სწორედ ამაში გვეხმარება ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს ნამდვილად აქვს უფრო მეტი ამბიცია, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებს, თუმცა საქართველო არის ასევე აღიარებული ლიდერი ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით. რიგ სფეროებში საქართველოს უკეთესი შედეგებიც კი აქვს, ვიდრე ევროკავშირის ამჟამად მოქმედ წევრ ქვეყნებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან ასევე სამხრეთ ევროპიდან, ანუ არის რიგი მიმართულებები, სადაც საქართველო ბევრად უფრო წარმატებით ასრულებს რეფორმებს”, -განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები