ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეუთო/ოდირ-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჯილიან სტირკს შეხვდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იყო.
“ელჩი, კელი დეგნანი ეუთო/ოდირ-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჯილიან სტირკს შეხვდა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ და იმის განსახილველად, როგორ შეუძლია ეუთო-სა და შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად. ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ ოდირ-ის მუშაობა საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო და ლეგიტიმური არჩევნების ჩასატარებლად – “მივესალმებით თქვენს ძალისხმევას კოვიდ პანდემიისას ეფექტური მისიის განხორციელებაში”.
USAID-ის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ძალისხმევას. ამასთანავე, აშშ-ის საელჩოც უზრუნველყოფს დამკვირვებლებს ოდირ-ის მისიის მხარდასაჭერად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.