ე.წ. სამხრეთ ოსეთში “საქართველოში ექსტრემისტული განწყობების სახიფათო ზრდაზე” საუბრობენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე, თბილისის მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე ექსტრემისტული განწყობების სახიფათო ზრდაზე საუბრობენ.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი განწყობები შესაძლოა, თბილისსა და ცხინვალს შორის ვითარების მორიგი დაძაბულობის მიზეზი გახდეს, თუ საპარლამენტო არჩევნებში “მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა რადიკალური ძალები გაიმარჯვებენ”.
“4 ოქტომბერს თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან ბაქოსა და მის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასევე, საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი – გუბაზ სანიკიძე.
სანიკიძემ, რომელიც სააკაშვილის მომხრეა, საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ აფხაზეთი და შიდა ქართლი საქართველოს ისტორიული ტერიტორიებია და მოწოდება გააკეთა, გათავისუფლდეს სომხეთი რუსული ოკუპაციისგან.
ამასთან, მანამდე სანიკიძე აცხადებდა, რომ მზად არის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შეირაღებული ამბოხი მოაწყოს, რომელიც სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში ადგილობრივების მხარდაჭერას კარგავს, სოციალური დახმარების აღმოჩენის დაბალი ეფექტურობისა და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აგებაზე უარის თქმის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.