საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყეს.
უწყების ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე თერმოსკრინინგი უტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.
სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.