მღვდელ-მონაზონი კირიონი: ივერი მელაშვილი დღემდე უტიფარია, შოუებს დგამდა, სანამ არ დაიჭერდნენ

დავით გარეჯის მონასტრის მღვდელ-მონაზონი კირიონი სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების განლაგების საკითხში ივერი მელაშვილის დანაშაულზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დაკავებულმა საქმეზე მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

მღვდელ-მონაზონი კირიონის კიდევ ერთ განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს გამოვდივართ და კითხვას ვსვამთ: ეს ამბავი მართალია? მართალია კი არა, კატასტროფაა და ჩვენ გვძინავს!
ჩემი საუბრის მიზანია, რომ ქართველი ხალხი ამ ვითარებაში არ დაიბნეს. ახლა არის აგორებული პროპაგანდისტული ტალღა. ცდილობენ, პიარით გადაფარონ ეს დანაშაული. ეს არ გამოვა. თუ სახელმწიფო და ხელისუფლება სათანადო დონეზე იქნება, გამორიცხულია ამის დაფარვა. ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ღაღადებს, მას ხელს ვერ დააფარებ!
ეს არის პიარი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვეულებრივი ობივატელი, რომელიც არ არის ჩახედული ამ საქმეში, რაღაც რუკების ხსენებით, თარიღების მოხმობით, დახვეწილი საუბრებით დააბნიოს.
ნუ დაიბნევით, ხალხო! ჩვენს დროში ხდებოდა კატასტროფა! მადლობა ღმერთს, რომ ეს გაირღვა! იქნებ ამ გზით ამ რაღაც მოჯადოებული წრიდან გავიდეთ ერი! შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი პირველი ეროვნული გამარჯვება!
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსგავსს სიტუაციაში ასეთი რამ აზერბაიჯანელ ან სომეხ ჩინოვნიკს გაეკეთებინა, რა დაემართებოდა მას თავის ქვეყანაში! ჩვენთან პასუხიც არავინ მოსთხოვა, ისე გავატარეთ, ვითომ არც ყოფილა! უბრალო კომენტარად ჩავუთვალეთ.
ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თავისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი. ბევრჯერ ვესაუბრე მას და ვაფრთხილებდი – რას აკეთებ, თავს იღუპავ-მეთქი! მაგრამ ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა! ახლა რომ გამოდის და წყლიანი თვალებით საუბრობს… მაშინ მეუბნებოდა: თქვენ, მამაო, დილეტანტი ხართ, თქვენ ამაში ვერ ერკვევითო. ამ დროს უკვე შეგროვილი მქონდა ყველა საბუთი, რუკები, დოკუმენტები, მაგრამ არ უნდოდა ამ კაცს ამის დანახვა.
მარტო მე კი არ მეუბნებოდა დილეტანტი ხარო, იმავეს ეუბნებოდა ნოდარ ხობალაძეს, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, გეოდეზისტი, პროფესორი, მეცნიერი. როდესაც ასეთი პიროვნება ეუბნებოდა მელაშვილს, რომ აქ შეცდომებია დაშვებულიო, მას ამაზე ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი: თქვენ დილეტანტი ხართო.
ამ დროს ივერი მელაშვილი კარტოგრაფიც არ არის! ჰოი, საოცრებავ! ის გახლავთ მიწათმომწყობი. ესაა ყველაზე დაბალი, პირველი საფეხური კარტოგრაფიაში! თუ გინახავთ სოფლად მიწას რომ ზომავენ ერთმეტრიანი ფარგლით, აი, ამ ხელობის კაცია. ამას სავსებით სერიოზულად ვამბობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ეუბნებოდა აკადემიკოსს, გეოდეზისტს, მეცნიერს: „შენ დილეტანტი ხარო!” უტიფრობის მწვერვალი იყო ეს ყველაფერი. ამას გაძლება და ნერვები უნდოდა…
კაცი დღემდე არ ნანობს, დღემდე უტიფარია, დღემდე შოუებს დგამდა, სანამ დაიჭერდნენ, ჩამოვიდა გარეჯში და იქ ითვალთმაქცა. აგათა კრისტის აქვს თავის ნაწარმოებში, – შეუძლებელია დამნაშავე თავის დანაშაულის ადგილზე არ მივიდესო. აი, ჩამოვიდა გარეჯში და კომენტარებს აძლევდა ჟურნალისტებს: მე ამას როგორ შევეხებოდიო!
ამ დროს ამ კაცს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი, დანაშაულს ჩადიხარ-მეთქი და პასუხად მხოლოდ დამცინოდა: „დილეტანტი ხარ, უცოდინარი ხარ, ეგ საბუთები მე არ მაინტერესებსო!” ადამიანი ვერ ნანობს! რომ შეინანოს, ადამიანობას დაიბრუნებს.
შეიძლება შეეშალა, ვერ გაუძლო, ზეწოლა ჰქონდა, მაშინ თქვი: ბოდიშს ვიხდი, ჩემო ხალხო, და კაცობას დაიბრუნებ. დანაშაულზე შეიძლება პასუხი აგო, მაგრამ ადამიანი დარჩები.
დღეს თუ თავის გადარჩენა გინდა, უნდა გაემიჯნო ამ პროცესს, უნდა გაქრე! და ესენი კი არ ქრებიან, შოუებს დგამენ, ეწევიან პროპაგანდას იმისა, რომ ეს თურმე ასე არ არის, თითქოს ჩვენ რაღაცას ვიგონებთ.
ამდენი წელი მე გიჟი ვიყავი, რომ ვყვიროდი, ხალხო, გვიშველეთ, მოგვხედეთ, ქართველებო, გარეჯს ხელიდან გვაცლიან-მეთქი?!”, – აღნიშნავს სასულიერო პირი.
​ცნობისათვის, პოლიციამ მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების განხორციელება.
პროკურატურის განცხადებით, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზეც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.

საქმეზე გამოძიება 308 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების 10-დან 15 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები