კახა კუჭავა: ყველას მოვუწოდებ, შიდა გამოძიება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ

„გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომელიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევდნენ და ის რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ კომპლექსი საქართველოს ტერიტორიას განეკუთვნება, ოთახში იყო შენახული.

„ჩვენ ვსაუბრობთ წლების განმავლობაში მიმდინარე კომისიის მუშაობაზე, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი უნდა დაადგინოს და კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს თუ აზერბაიჯანის ტერიტორიას მიეკუთვნება. გამოძიების შედეგად აღმოჩენილია რუკები, რომელიც ზუსტად იმ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზუსტი საზღვარი უნდა განსაზღვროს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ამ რუკით უნდა ეხელმძღვანელა ყველას და ეს რუკა ცალსახად არის საქართველოს სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ამ რუკის მიხედვით ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს. აღმოჩნდა, რომ ეს რუკა ინახებოდა ოთახში და კომისიის წევრები ამით არ სარგებლობდნენ. ეს დოკუმენტაცია ასევე გადაეცა აზერბაიჯანის მხარეს, რომელმაც ასევე უნდა შეისწავლოს ეს, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესს, რომელიც ამ რუკის შესაბამისად, ნამდვილად საქართველოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი. მარტივი კითხვა მაქვს – როდესაც საუბარია ქართული მიწის დაცვაზე და კონკრეტული ფაქტები და რუკები აღმოჩნდა, რომელიც საშუალებას გაძლევს შენს სასარგებლოდ გადაწყდეს ესა თუ ის დავა, ის რომ წინასაარჩევნო პერიოდია ამიტომ არ უნდა გამოვიტანოთ? ვსაუბრობთ საქართველოს ტერიტორიებზე, ჩვენ მიწა-წყალზე და უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი სიწმინდის მატარებელია. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებსაც კი აკეთებდნენ, რომ გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და რა ვქნათ?! და ის რუკა, რომელიც ზუსტად ადასტურებდა, რომ ჩვენია ეს ტერიტორია, იმალებოდა ოთახში. ნებისმიერ ქართველს, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამოდის როგორ შეიძლება მას არ ადარდებდეს ეს საკითხი? როგორ შეიძლება ის არ ფიქრობდეს, რომ როგორ არ იქნა გამოყენებული რუკა, რომელიც თურმე ოთახში იდო. ჩვენ აზერბაიჯანის მხარეს გადავეცით ინფორმაცია და ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც გაგრძელდება. სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ჩვენ მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრობას ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ როდესაც შიგნიდან ცდილობენ ამით სპეკულირებას, ეს უკვე ანტისახელმწიფოებრივია და ყველას მოვუწოდებ, შიდა გამოძიება, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები