ანრი ოხანაშვილი: დავით გარეჯის თემით სპეკულირება დაუშვებელია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ
“ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლურად, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ საკითხს ისე, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას, მჭიდრო თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის თემით სპეკულირება დაუშვებელია.
„წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც საკუთარი სამშობლოს და ეროვნული ინტერესების დაცვაზე პოლიტიკური ჯგუფები გვედავებიან, რაში უნდა ეწეროს ეს, ვერ ვხვდები. არათუ პოლიტიზირებას ახდენენ, აქეთ ხდება შედავება, როგორ გაბედა ხელისუფლებამ და პროკურატურამ და როგორ დასვეს საკითხი, რომ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესი. წარმოუდგენელია, რომ ასე არ გაინტერესებდეს საკუთარი ქვეყნის და ტერიტორიების ბედი, ან თუ გაინტერესებს და განზრახ აკეთებ, ეს კიდევ უარესი. ასე რომ, იქნებ, მოეგოს ეს ხალხი გონს და მიხვდნენ, რა განცხადებებს აკეთებენ, ამ თემით სპეკულირება დაუშვებელია, მით უმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ – ჩვენ არაფერი გვაქვს შესადავებელი აზერბაიჯანის მხარესთან, მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. პირიქით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ჩვენსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართა, მოხდა დიპლომატიურ ენაზე შეთანხმება, კონკრეტული ინფორმაციის და მასალის გადაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლურად, მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ამ საკითხს ისე, რომ ჩვენს მეგობრობას, მჭიდრო თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.