“დღეს, როცა დელიმიტაციის სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდა, ოპოზიცია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დოკუმენტები, გამონაგონი და ტყუილია”

“დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები გამონაგონი და ტყუილია”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა.

დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს, რადიკალური ოპოზიცია ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს ხელისუფლებაზე და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ახლად აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის, აღმოჩენილი რუკა, რომელიც საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის ახალ შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია.

ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ, ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვიტოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი, გარდა იმ ხელისუფლებისა, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, ისტორია და სამშობლო, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება.

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ივერი მელაშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ნატალია ილიჩოვას დაკავების შესახებ გუშინ განაცხადა.

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები