კახა კუჭავა: სამწუხაროა, რომ დავით გარეჯის საკითხზე სპეკულაციებს ვისმენთ, ყველაფერი გახდება ცნობილი, არ მინდა, ვინმეს თავისი განცხადებების შერცხვეს
“ძალიან სამწუხაროა, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი. ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა, ვინმეს შერცხვეს თავისი განცხადებების”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია სიმართლე დადგინდეს.
„ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, ვერ დაიმალება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა, ვინმეს შერცხვეს თავისი განცხადებების. ქართულ მიწასთან დაკავშირებულ საკითხზე კითხვის ნიშანსაც არ ვსვამთ, რომ ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზეა და ქართული მიწა-წყალია. ამ მიწა-წყალთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დასმა, რომ ეს არ იყო ქართული მიწა, გამოსაძიებელია და დასადგენია სიმართლე, ამაზე არავის არ უნდა სჭირდებოდეს საუბარი. ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს უკვე, როგორც ვიცით თვეების განმავლობაში, რაზეც კომუნიკაცია იყო, მათ შორის აზერბაიჯანის მხარესთან, როცა დადგა საჭირო და შეიკრა საქმე. სავარაუდოდ, ამ კითხვას თვითონ გასცემენ პასუხს. არ გადაგვეცა რუკები აზერბაიჯანის მხარისთვის? იმიტომ არ გადაგვეცა, რომ არჩევნები მოდის? ეს გაკეთდა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა პროკურატურამ, რომ საქმე უკვე აღეძრა ოფიციალურად. მანამდე საჭიროდ ჩათვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ აღმოჩენილი დოკუმენტაცია გადაეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. ძალიან მიხარია, ვისმენ აზერბაიჯანული მხარისგან კომენტარებს, რომ ჩვენს მეგობრობას ეს საფრთხეს ვერანაირად ვერ შეუქმნის. მთავარია, სიმართლე დადგინდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება გამოძიების ფარგლებში გამოიკითხოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, კუჭავა ამბობს, რომ არ იცის „რამდენად ჰქონდა ზურაბიშვილს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ საკითხთან შეხება“.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.