მამუკა მდინარაძე: ჩვენს მეგობარ ქვეყანას, აზერბაიჯანს მეგობრულად ველაპარაკებით და საზღვრების დადგენის საკითხშიც ასევე გაგრძელდება
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს მეგობრულად გადავწყვეტთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან საპრეტენზიო არაფერი აქვს.
“არანაირი სხვა ტენდენცია, გარანტიას გაძლევს, არცერთი სხვაგვარი პოზიცია ჩვენგან, ჩვენი ხელისუფლებიდან არასდროს არ წავა. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია და არც ექნება მსგავსი დაძაბულობები, მით უმეტეს, მეგობრებთან.
ჩვენ მეგობრობის ჩარჩოს კამათის დონეზეც კი არ გავცდებით. ოფიციალური სტრუქტურები ამას უზრუნველყოფენ და ეს ურთიერთობა დარჩება ისეთივე, როგორიც არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.